ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ამავე ინფორმაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ამასთან, გააქტიურდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. პრემიერ-მინისტრი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს პარლამენტი, რათა შესაბამისი ნაბიჯები საკანონმდებლო მიმართულებით ეფექტიანად გადაიდგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს საქართველოს როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. თითოეულმა უწყებამ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დავალებები, რათა ყველა აუცილებელი ნაბიჯი ამ გზაზე მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად გადაიდგას.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მოისმინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და გამოწვევები, ასევე, განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. კომისიის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ექნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და მიღებული დავალებების შესრულების გზაზე. პროცესს უშუალოდ გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.