დავით ზალკალიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო მეგობარ ქვეყნებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის
დავით ზალკალიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო მეგობარ ქვეყნებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს – ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერში“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მადლიერებას გამოხატავს იმისთვისაც, რომ მიმართვის ავტორი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა, ტერიტორიულ მთლიანობას და აღრმავებს კონფლიქტს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა რვა ქვეყანამ საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელა.