დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იაკუბ კულჰანეკს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი  ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე გაკეთდა. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებაც ისაუბრეს. ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ხაზგასმით აღინიშნა ჩეხეთის მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და მზაობა ხელი შეუწყოს საერთაშორისო ფორმატებში ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და დეკემბერში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის პრაღაში ჩატარების საკითხს. მხარეებმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებული პროექტებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სააგენტოს 2018-2023 წლების სტრატეგიაში საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. ​

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იაკუბ კულჰანეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთი განაგრძობს საქართველოს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. შეხვედრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზეც.