დავით ზალკალიანი - აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა, გამკლავება გამოწვევებთან, საფრთხეების მინიმიზაცია, რათა გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად, რეგიონზე
დავით ზალკალიანი - აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა, გამკლავება გამოწვევებთან, საფრთხეების მინიმიზაცია, რათა გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად, რეგიონზე

აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა, გამკლავება გამოწვევებთან, საფრთხეების მინიმიზაცია, რათა გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად, რეგიონზე, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.

„ჩვენი ერთ-ერთი განხილვის თემა იყო უკრაინა და უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია. მე მას ვესაუბრე ჩემი სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინელ კოლეგასთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა და ბუნებრივია, გავუზიარე ამ საუბრის ძირითადი მიმართულებები. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ასევე, საუბარი იყო, რომ გამოწვევა, რაც არის უკრაინაში დღეს, მსგავსია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამიტომ აქ, როგორც არასდროს, ისე საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია.

ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია, გადაიდგას ძალიან სერიოზული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით. თუკი რეგიონში, როგორც უკრაინის გარშემო, ისე ეს შავი ზღვის არეალში, არ იქნა სტაბილურობა, ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს განვითარებაზე, ჩვენ სტაბილურობაზე, ჩვენს კეთილდღეობაზე, ეკონომიკური განზომილებაზე. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქტორი გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, არის უაღრესად მოწადინებული, რომ გაასმაგდეს მცდელობები სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით.

ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინდელი დღის განმავლობაში მაღალი დონის ზარები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან, ასევე უშუალოდ სახელმწიფო მდივანი გვესაუბრა ძირითად პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ასევე იყო შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჩვენს მეზობელ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს როლზე და ფუნქციაზე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. მე ძალიან ვაფასებ ამ ზარს დროის გათვალისწინებით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე და სწორედ კონტექსტი ზარის, რაც იყო განხორციელებული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, როგორც წესი, კრიზისულ სიტუაციებს ორი მხარე აქვთ.

„ეს არის სერიოზული გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს, ეს არის შესაძლებლობაც, რომ ის შესაძლებლობები, რაც არის, კიდევ უფრო მეტი დინამიზმით წავიდეს წინ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, როგორც გამოწვევას, ასევე შესაძლებლობებს. ამიტომ აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა, გამკლავება გამოწვევებთან, საფრთხეების მინიმიზაცია, რათა გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე, მთლიანად, რეგიონზე და გამოწვევების ფონზე ჩვენი შესაძლებლობის კიდევ უფრო მეტი დინამიზმით წინ წაწევა, სწორედ ეს იყო საუბრის თემა და აქ ვთანხმდებით, რომ შესაძლებლობებიც არის და ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული ჩვენს კოორდინირებულ საქმიანობაზე მომავალში. შევთანხმდით, რომ ამას ძალიან შეუწყობდა ხელს ორმხრივი ვიზიტები, მე ის დავპატიჟე საქართველოში. ასევე, გამოვთქვი სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტები შედგეს აშშ-ში, როგორც კი პანდემია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, რადგანაც ერთია კომუნიკაცია დისტანციურად და მეორე, როდესაც უკვე პირისპირ და უფრო საგნობრივად და დეტალურად მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა, რაც მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.