დავით ყიფიანის მოგონებები - როგორ დააბრალეს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს „რეკეტიორობა“ და რატომ მოუხადა ბოდიში კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა #1TVSPORT
დავით ყიფიანის მოგონებები - როგორ დააბრალეს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს „რეკეტიორობა“ და რატომ მოუხადა ბოდიში კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა #1TVSPORT

zen.yandex.ru-მ დავით ყიფიანის მოგონებები გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული ქართველი 10-იანი იხსენებს, როგორ დააბრალეს „რეკეტიორობა“. 

1991 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, დავით ყიფიანმა დატოვა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი და რვა თვის განმავლობაში მშობლიური გუნდის მენეჯერად მუშაობდა. ყიფიანს თავის ქალაზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა ურჩიეს, ერთი წელი მწვრთნელად არ ემუშავა. 1992 წლის დასაწყისში „დინამომ“ შეკრება კვიპროსში ჩაატარა და მას ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

„ჩემი ჩამოსვლის დროს გუნდი უიმედოდ იყო – ექვსი ქულით უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ რვა თამაში იყო დარჩენილი. მე ის ლიგაში დავტოვე. შემდეგ წელს მათ ადგილი დაიკავეს ცხრილის შუა ნაწილში და თასის ნახევარფინალში გავიდნენ. ეს სოსო ჭედიასა და კახი კაჭარავას დამსახურება გახლდათ, რომლებიც მე მოვიწვიე“, – ამბობდა დავით ყიფიანი.

მოგვიანებით, ყიფიანს კვიპროსში რესტორნის გახსნის იდეა გაუჩნდა, მაგრამ, რადგან უცხოელს ამის კანონიერი უფლება არ ჰქონდა, ოფიციალურად კვიპროსელ პარტნიორზე გააფორმა. ცოტა ხნის შემდეგ რესტორანში სამმა რუსმა იჩხუბა და ერთმა მათგანმა პოლიციას განუცხადა, რომ ორი დანარჩენი მას ფული სძალავდა. პოლიციამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ თუ რუსებმა იჩხუბეს, მაშინ მომხდართან კავშირი რესტორნის მეპატრონესაც ჰქონდა.

ყიფიანის სახლის ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ იგი დააკავა და ორი დღე წინასწარი დაკავების საკანში გაატარა. ყიფიანი იხსენებდა: „შემდეგ ჩემზე დახასიათება გამოითხოვეს და როდესაც მიიღეს, თვალები შუბლზე აუვიდათ, თურმე, ვინ ჰყავდათ დაკავებული“.

ნიქოზიის პოლიციის უფროსმა ყიფიანს სთხოვა, რომ მისი ხელქვეითების ქმედებებზე, სარჩელი არ შეეტანა, ხოლო გენერალურმა პროკურორმა ასევე გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც მომხდარის გამო ბოდიშს უხდიდა. პროცესზე მოსარჩელე რუსი არ გამოცხადდა და დანარჩენი ორი რუსი გაამართლეს, მაგრამ ყიფიანის რესტორანი გაკოტრდა.

„ასეთი აურზაურის შემდეგ რესტორანში ვინ შემოვიდოდა? იმის მიუხედავადაც, რომ ბრალდებები არ დადასტურდა. ხალხი იფიქრებდა, რაიმე არ მოხდესო. „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით – „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში“. სამი დღის შემდეგ – უარყოფა მცირე ასოებით დაწერეს, მაგრამ ბევრმა წაიკითხა პირველი მასალა და დაიჯერა. რეპუტაცია, რომელზეც მანამდე ერთი ლაქაც არ მქონდა, შემელახა“.