დავით სერგეენკო - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე, პოლიტიკოსებმა მისცენ მუშაობის საშუალება
დავით სერგეენკო - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე, პოლიტიკოსებმა მისცენ მუშაობის საშუალება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ექიმების მიმართ წნეხი და ზეწოლა მიდის, თუ მათი შეხედულება არ მოიცავს კატეგორიულ მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც და მაინც სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

როგორც საქართველოს პირველ არხს დავით სერგეენკომ განუცხადა, ეს ადამიანები ამ წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ, რადგან წნეხის ქვეშ მყოფი ექიმი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პირველ რიგში პაციენტის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მისი რისკია.

დავით სერგეენკო განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით.

„პირველი მოცემულობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხი გაცდენილია ჯანდაცვის სფეროს და პოლიტიკური საკითხია, რაც გასაგებია, რადგან ამ შიმშილობას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მეორე მოცემულობაა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში მიხეილ სააკაშვილის კერძო და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები და არა – ექიმები. მესამე მოცემულობაა, რაც ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ პაციენტ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მონიტორინგი განხორციელდეს იმაზე – სად არის მკურნალობისთვის უკეთესი ადგილი და რა სჭირდება იმისათვის, რომ შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა, არა ზოგადად ექიმებმა, არამედ მათმა ორმა შემადგენელმა – ციხის საავადმყოფოში მომუშავე ექიმებმა და სამოქალაქო სექტორის ექიმებმა, მათ შორის მისმა მკურნალმა ექიმებმა, რომელთაც მის წინა მდგომარეობაზე მეტი ინფორმაცია აქვთ. ექიმები უნდა დასხდნენ და მოცემულობაზე შეჯერდნენ.

მაგალითად, განიხილონ არტერიული წნევა, პულსი, ტემპერატურა, წონის კლების რაოდენობა, ასევე თვლადია ლაბორატორიული მონაცემები. ორმაგ ინტერპრეტაციას ვერავინ გააკეთებს. მოცემულობაა, რომ ორი უწყების ექიმები უნდა დასხდნენ, ჩამოაყალიბონ გეგმა და ეს გეგმა სახელმძღვანელო გახდეს და არა – პოლიტიკური მოწოდებები. მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელობა ამბობს, რომ შესაბამისი პირობები აქვს და იქნება და აქვს და არ არის აუცილებელი დამატებით რაიმე ან პირიქით, აუცილებელია რაიმე კონკრეტული არგუმენტის გამო, რაც ექიმებმა უნდა დადონ. ჩვენ რასაც ვხედავთ, ამის გაკეთებას ექიმები ცდილობენ პროტესტის გზით, რაც პაციენტის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმები პოლიტიკური წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ჩემი უამრავი კოლეგა როგორც კი, თავის პოზიციაზე მსჯელობს, მათზე მიდის რაღაც დიდი და წარმოუდგენელი წნეხი.

ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შიმშილობა პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული, გადაწყვეტილებების მიღება ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის განხორციელების გარეშე – ექიმებმა პოლიტიკოსებმა დაანებონ თავი და მუშაობის საშუალება მისცენ. მეორე, რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ ერთობლივი კონსიულიუმი ჩამოყალიბდეს – სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში მომუშავე ექიმების და სამოქალაქო სექტორის, უნდა დასხდნენ და პოზიციებზე შეჯერდნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.