დავით სერგეენკო - გიორგი ვაშაძის შეფასებები ჯანდაცვაზე მიუღებელია, თუ რატომ, ამას საზოგადოებას განვუმარტავ და არა ამ პოლიტიკური კომენტარის ავტორს
დავით სერგეენკო - გიორგი ვაშაძის შეფასებები ჯანდაცვაზე მიუღებელია, თუ რატომ, ამას საზოგადოებას განვუმარტავ და არა ამ პოლიტიკური კომენტარის ავტორს

გიორგი ვაშაძის შეფასებები ჯანდაცვაზე მიუღებელია, თუ რატომ, ამას საზოგადოებას განვუმარტავ და არა ამ პოლიტიკური კომენტარის ავტორს, – ამის შესახებ ჯანდაცვიოს მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიერ საყოველთაო ჯანდაცვაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სფეროზე უნდა იმსჯელოს იმ ადამიანმა, ვისაც სულ მცირე, ერთი ღამე გაუტარებია კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად.

„იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჯანდაცვა ყველასთვის აქტუალურია, ჯანდაცვაზე უნდა იმსჯელოს იმ ადამიანმა, ვისაც სულ მცირე, ერთი ღამე აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად ან ერთი პროექტი მაინც აქვს გაკეთებული. ასეთი შეფასებები მიუღებელია, თუ რატომ, ამას მე საზოგადოებას განვუმარტავ და არა ამ კომენტარის ავტორს, რომელშიც აშკარად პოლიტიკური ელფერი არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, დასმული იყო საკითხი, რომ საქართველოში პრევენციას არ ექცევა ყურადღება.

„მოკლედ განვმარტავ, რას ნიშნავს პრევენცია. პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაცია, ინფექციური დაავადებების აცილება თავიდან. სამ-ნახევრიდან ოცდაორ მილიონამდე გაიზარდა ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში და ჩვენ გვაქვს დასავლეთ ევროპული არაჩვეულებრივი გრაფიკი. მეორე, ეს არის, რასაც ვაქცინით ვერ მოიცილებ. ეს არის ინფექციების კონტროლი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში. 2015 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი, სჭირდება განმტკიცება, მაგრამ გზა სწორია.

შემდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი – ოჯახის ექიმთან მისვლის შესაძლებლობა, რომელმაც ადრეულ სტადიაზე უნდა დაადგინოს ესა თუ ის დაავადება, თავიდან აიცილოს გართულებები და მოგვცეს საშუალება, რომ აიცილო ის, რისი აცილებაც შეიძლება და უმკურნალო მარტივად. 2013 წელს გაორმაგდა ადამიანების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო. 2015 წლის კვლევით, ამ გაორმაგებულში გაორმაგებული არის გეგმური ამბულატორიული ვიზიტები სწორედ ოჯახის ექიმთან. ბოლოს, სახელმწიფო პროგრამა სიმსივნური დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე – სკრინინგზე, რომელზეც ჩვენ ვხარჯავთ ორ მილიონს წელიწადში.

ეს არის ის მიდგომა, რაც ჩვენ გვაქვს და როგორმე გვესმის ეს ბევრად უკეთესად, ვიდრე პოლიტიკური განცხადებების ავტორებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა: „სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ვმკურნალობთ ქიმიოთერაპიით, როცა ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ ამის ნახევარს არ ვხარჯავთ, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს“.