დავით სერგეენკო - გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გავლამდე, არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა
დავით სერგეენკო - გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გავლამდე, არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა

გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გავლამდე, არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ. მან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავასთან დაკავშირებით, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის კი 14 ოქტომბერს აქციაზე მივიდა.

სერგეენკოს თქმით, ამ ფაქტს სპეციალური სამსახურები შეისწავლიან.

„ამ საკითხით თამაში არაფრით შეიძლება. ჯანმრთელობა პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო, ეს არ უნდა დადო საპირწონედ. ეს არაფრით შეიძლება და არაფრის ფასად, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი. არ შეიძლება, ირგვლივ მყოფ ადამიანებს ასეთი რისკი შეუქმნა და ამ საქციელს ვერაფრით გავამართლებ. დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით შეიძლება.

რაც შეეხება, რატომ არ მოხდა რეაქცია, ალბათ შესაბამისი რეაქცია იქნება, თუ დადასტურდება, რომ მან ეს წესები დაარღვია. ახლა ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, რაც ამ ადამიანმა თქვა და ეს არ არის ურყევი ჭეშმარიტება, რომ ახლა ყველანი დავიძრათ პარლამენტიდან და პასუხი მოვთხოვოთ. არის ამის სამსახურები, რომლებიც შეისწავლიან და მიხედავენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.