დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა სივრცეში გადაიტანოს
დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა სივრცეში გადაიტანოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანტაზია ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი დახმარება არ სჭირდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს.

„პარლამენტის წევრები ვართ, პარლამენტში ვმუშაობთ და რაღაც საკითხებზე შეიძლება ინტერესთა თანხვედრა იყოს, მაგრამ ქვეყნის დოქტრინული ხედვა რადიკალურად განსხვავებულია და ვერანაირ ხედვაზე საუბარი ვერ იქნება. „ქართულ ოცნებას“ არანაირი დახმარება არ სჭირდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს. პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, საზოგადოების ყურადღება სხვა სივრცეში გადაიტანოს. სჯობს, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმ საკითხებზე იმსჯელონ, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. თუნდაც ეს შეწყალებას ეხება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.