დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ძარცვასა და ბიზნესის დარეკეტებას ვერ გადაეჩვევიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ადამიანების ძარცვასა და ბიზნესის დარეკეტებას ვერ გადაეჩვევიან. დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ რევანშისთვის არ ემზადება და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ხაზს იმას უსვამს, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია.
„ეს ძალა და ადამიანები ძარცვასა და ბიზნესის დარეკეტებას ვერ გადაეჩვევიან, ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების სტილია. ამ პოლიტიკურ ძალას სხვა გზა და სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რაც 2003-2012 წლებში აჩვენეს. საზოგადოება გაძარცვეს, ბიზნესი დაარეკეტეს და ახლა საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან ურთიერთობის გაგრძელება იგივე ხელწერით სურთ. საზოგადოება იმას არ დაუშვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, „გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ფული ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას, ისე მოვატანინებთ ივანიშვილს“.