დავით კუტალაძე - მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი
დავით კუტალაძე - მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი

მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი, – განაცხადა ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში, რომელმაც მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

„არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა.

12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირი ბიჭებისთვის დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდა მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რონ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა.

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი“, – განაცხადა დავით კუტალაძემ.

დავით კუტალაძემ აღნიშნა, რომ არ არის საზოგადოებისთვის საშიში.

„მათ დაგვაბრალეს, რომ გართულება გვაქვს ფერადტანსაცმლიანებზე, გრძელთმიანებზე. 29 წლის მანძილზე ჩემი ისტორია მანდ დევს, ხუთ ქვეყანაში ვიყავი, მრავალი წარმომადგენელი მინახავს, არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, მისი ცხოვრება წარმემართა, თუ ის ჩემს რელიგიასა და ადამიანობას არ დასცინის. ტურისტი პირიქით, ჩვენს სანახავად მოდის და ჩვენი ტრადიციული საქართველოს სანახავად, იმ ვაზისა და ქართულის ფონზე ჩამოდის. მყავს ასეთი მეგობრები. მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში. ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ყველა მართალი ადამიანი უყვარს. იცხოვრე ისე, რომ გასახსენებლად ღირდეს. დროშის ფონზე არ შეიძლება, ეს გამოიტანო და ქართველმა ქართველს დასცინო.

საომრად არ გავსულვარ, მე იქ გავედი სამშობლოს დასაცავად. იქ ჩვენ შევარდნას პუტინისეული შევარდნა დაარქვეს და ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემას გვაბრალებენ. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ოღონდ ციხეში გამიშვან. ხელში ვერ ავწიე საქმის მასალები, იმდენია ჩემზე. ბორჯომის აქციებზე ვიყავი, ნამახვანის აქციებზე ვიყავი, მე დავარტყი ყველაზე ძლიერ წერტილში; აპირებენ, ფერადი დროშის მიღმა შემოიტანონ სხვა რაღაცა. ერთი სამართალდარღვევა არ მაქვს. როდესაც ღირსებას, დროშას, ტრადიციას ეხებიან და რუსთაველს ირჩევენ ღირსების მარშად, სადაც გმირები დაიხოცნენ, ყველა ქართველმა უნდა დაიცვას ეს ტერიტორია, როგორც ჯარისკაცმა ის ადგილი. სულ ასე გავზრდი ჩემს შვილებს, დათო კუტალაძეს კი არ იტყვიან, ქართველიაო, იტყვიან. ეს არის ჩემი სიმართლე!“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე დავით კუტალაძემ.

ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.

დავით კუტალაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ხმაური მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დავით კუტალაძეს დღეს წარუდგინა.

„პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დატოვე კომენტარი