ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დავით კუტალაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ხმაური მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროკურატურამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დავით კუტალაძეს დღეს წარუდგინა.

„პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.