დავით კირკიტაძე - მისამართი ეშლება, ვისაც მიაჩნია, რომ მათი უფლებები ჯერ კიდევ არ აღდგა, ციხესთან მისვლით მათი პრობლემები მოგვარდება?
დავით კირკიტაძე - მისამართი ეშლება, ვისაც მიაჩნია, რომ მათი უფლებები ჯერ კიდევ არ აღდგა, ციხესთან მისვლით მათი პრობლემები მოგვარდება?

ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ციხესთან მისვლით მათი პრობლემები მოგვარდება? – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულების, მათი ოჯახის წევრებისა და ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ დღეს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის – „ჯალათი ციხეში“ კომენტირებისას.

„ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება და ყველას აზრს, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ; უბრალოდ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ციხესთან, მათ მისამართი ეშლებათ; თუ მათი უფლებები ჯერ კიდევ არ აღდგა, თუ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები არ არის აღდგენილი, მათ უნდა მიმართონ ფარცხალაძის პროკურატურას და მურუსიძის სასამართლოს. ამ რეალობაში მოაქცია ისინი „ქართულმა ოცნებამ“, ციხესთან მისვლით მათი პრობლემები მოგვარდება?“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძე ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის სასამართლოს არ უცვნია მიხეილ სააკაშვილის ბრალი.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე თავისუფლად გადაადგილდებოდა ყველა ქვეყნის დედაქალაქსა თუ ქალაქებში, ეს არის ფაქტი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, თქვენ ენდობით მურუსიძის სასამართლოს და ფარცხალაძის პროკურატურას? მე არ ვენდობი.

არავითარი მნიშვნელობა აქვს, რა არის დაორგანიზებული, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება, იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად მიაჩნია, რომ მათი უფლებები იყო შელახული და დღემდე არ არის აღდგენილი, პასუხი მათ უნდა მოსთხოვონ საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.