დავით ბაქრაძე - სამწუხარო რეალობაა, რომ ვითარების შეფასებისას რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება
დავით ბაქრაძე - სამწუხარო რეალობაა, რომ ვითარების შეფასებისას რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება

სამწუხარო რეალობაა, რომ ვითარების შეფასებისას რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, კარგია, რომ არ იქნება შემოღებული სანქციები, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ რუსეთსა და პუტინს საქართველოს სიკეთე უნდათ.

„ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი აღმოჩნდა უფრო ადეკვატური ამ ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და მთელი ხელისუფლება. რაც შეეხება სანქციებს, ცალსახად კარგია, რომ არ იქნება შემოღებული სანქციები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს არ ხდება იმიტომ, რომ რუსეთსა და პუტინს უნდათ საქართველოს სიკეთე. სანქციების შემოღების მუქარა და შემდგომ არშემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის და ზეწოლის მექანიზმი, როგორც თავად სანქციებია. ამიტომ, რუსეთი ჩვენი პარტნიორი, სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის, ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოებისა და დაცულობის გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი.

ამიტომ, საქართველოს სტაბილიზაციის გამოსავალი არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი არ ვაწყენინოთ პუტინს, არამედ გამოსავალი არის მყარი ინსტიტუციონალური, ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.