დასავლეთის სანქციების გამო, რუსმა ექსპორტიორებმა 2018 წელს 6,3 მილიარდი დოლარი დაკარგეს
დასავლეთის სანქციების გამო, რუსმა ექსპორტიორებმა 2018 წელს 6,3 მილიარდი დოლარი დაკარგეს

დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, რუსმა ექსპორტიორებმა 2018 წელს 6,3 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში მოყვანილია უწყების ექსპერტების მიერ 2018 წლის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები.

დოკუმენტის თანახმად, რუსული პროდუქციის მიმართ ყველაზე მეტი შემზღუდავი ზომა ევროკავშირს აქვს დაწესებული. ევროკავშირმა რუსულ პროდუქტებს 25 შემზღუდავი ზომა დაუწესა, მეორე ადგილზეა უკრაინა – 22, მესამეზე ინდოეთი – 16.

ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსი ექსპორტიორებისთვის ცხრა შემზღუდავი ზომა აქვს დაწესებული, თუმცა სწორედ ვაშინგტონის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსული კომპანიები ყველაზე მეტად დააზარალა. ამერიკული სანქციების შედეგად ექსპორტიორებისთვის მიყენებულ ზარალს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 1,1, მილიარდ დოლარად აფასებს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულმა ზომებმა კი რუსული კომპანიები 2,4 მილიარდი დოლარით აზარალა.

ამასთან, ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა რუსეთის მეტალურგიულ მრეწველობას მიადგა.

2018 წლის ბოლოს მონაცემებით, რუსეთის ექსპორტიორების მიმართ სანქციები 62 ქვეყანას აქვს დაწესებული.