დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ქართული ვაზის ჯიშებისა და მისგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ „ბოლნურმა ღვინო“ შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ბოლნისის“ წარმოების სპეციფიკაცია და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ მიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტო „საქპატენტთან“ ერთად კვლავაც ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირების მიმართულებით.