ცოტნე ზურაბიანი - ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი
ცოტნე ზურაბიანი - ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა პლენარულ სხდომაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ამ დღეებში საქართველო მასპინძლობს და სადაც საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ემსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც შემდგომ საბოლოო რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში აისახა.

მისი თქმით, ევრონესტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპარლამენტო ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სადაც ჩვენი ქვეყანა ძალიან აქტიური დღის წესრიგით არის წარმოდგენილი.

დეპუტატის თქმით ევრონესტზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხთა შორის გაკეთდა განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

„ასამბლეაზე იყო ბევრი საკითხი, მათ შორის უნდა აღინიშნოს სპეციალური განცხადება, სადაც ხაზგასმით იქნა მოთხოვნილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.

ცოტნე ზურაბიანმა ისაუბრა ოპოზიციის უსუსურ მცდელობაზე ევრონესტის ტრიბუნა გამოეყენებინათ ევროპელი კოლეგების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანას ჰყავს ათეულობით პოლიტპატიმარი. მათ მიაწოდეს 85 კაციანი სია რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი განთავისუფლდა მხოლოდ ჯარიმით, ნაწილი მათგანი განთავისუფლდა პირდაპირ დარბაზიდან და მხოლოდ რამდენიმეს დაეკისრა პატიმრობა სამი დღით, ხუთი დღით და ასე შემდგომ და ეს ადამიანები უნდა წარმოაჩინონ, როგორც პოლიტიკური პატიმრები. ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი, ვინც ალპობდა ციხეებში ადამიანებს და ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და დასავლური ინსტიტუტები გამოიყენონ მხოლოდ იმისთვის, სადაც ხედავენ თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებს.

აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სიმართლე და როგორი წარუმატებელიც იყო გუშინ კენჭისყრა სესიაზე, ასეც გაგრძელდება მომავალში.

ჩვენ კი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და ინსტიტუციურ მშენებლობას“, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა თავის გამოსვლაში.

დატოვე კომენტარი