„ჩვენც ამის იმედად ვართ“ - ჩხეტიანი პირველ არხთან ჩინელებთან მოლაპარაკებას ადასტურებს
„ჩვენც ამის იმედად ვართ“ - ჩხეტიანი პირველ არხთან ჩინელებთან მოლაპარაკებას ადასტურებს

მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო შეხვედრაში „საბურთალოსთან“ 0:2 დამარცხდა. გუნდი ცხრა ქულით მეექვსე ადგილზეა, რაც მოქმედი ჩემპიონისა და მისი გულშემატკივრებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ადგილია.

აშკარაა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლამდე სერიოზული საკადრო ცვლილებები სჭირდება. სხვაგვარად გუნდი საქართველოს ევროპულ საკლუბო დონეზე ღირსეულად ვერ წარადგენს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ ჩინელ ბიზნესმენებთან გუნდის სპონსორობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და რომ ახალ ფინანსურ ინექციაზე დიდ იმედებს ამყარებს.

„მე რაც ვიცი, ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, ეს მოლაპარაკება რა სტადიაზეა, მაგრამ ფინანსური მოღონიერების გარეშე არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, შიდა ასპარეზზეც ძალიან გაგვიჭირდება, ამაზე ორი აზრი არაა. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდება და „ტორპედოს“ გაძლიერების საშუალება ექნება“, – ამბობს ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხის ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელები მოლაპარაკებას „ჰუალინგ ჯგუფთან“ მართავენ.