ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრები გაძლიერდა და ეს მატჩი ჩვენთვის გამოცდაა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრები გაძლიერდა და ეს მატჩი ჩვენთვის გამოცდაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ბალკანელები ამბობენ, „დიდი ფინალის და დიდი ბრძოლის“ შესახებ ისაუბრა.

„ეს პერიოდი რთულია. მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ფორმაში ვერმყოფი მოთამაშეები ფორმაში შევიდნენ. წინა ორი მატჩისგან განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი რაც მოხდა ისტორიაა, ყოველი შემდეგი მატჩი კიდევ ერთი გამოწვევა და ახალი გამარჯვების შანსია.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი მატჩი წინა ორზე უკეთ ჩავატაროთ. ამ და 2 წლის წინანდელ საქართველოს ნაკრებებს შორის განსხვავება არის. მათ ჰყავთ ახალი მწვრთნელი, გააჩნიათ ახალი ხედვა, არაფერი იმის მსგავსიც არაა, რაც იყო და რაც გველოდება. ძალიან არ ვღელავთ ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზე. ვიცით, რომ უნდა გავცეთ მაქსიმუმი და წარმატებას მივაღწიოთ.

ბულგარეთთან საქართველოს 5:2 მოგება დამატებით ზეწოლას თუ ახდენს ჩვენზე? ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდეს. ჩვენგან კიდევ ერთ მატჩს ველოდები ბულგარეთთან და საქართველოსთან. გვინდა, რომ სტადიონი სავსე იყოს და ეს ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენი გულშემატკივარის ძალა ვიგრძნოთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, ვუყურე საქართველოსა და ბულგარეთის მატჩს. მაგრამ გავაანალიზე არა მხოლოდ ეს, არამედ ქართველების წინა მატჩებიც. შესანიშნავი გუნდია, სადაც ჩინებული შემსრულებლები არიან. მათ ბულგარეთთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ყველა მატჩი განსხვავებულია. ვნახოთ ხვალ რა მოხდება.

საქართველოს ნაკრებს, როგორც გუნდს, ასევე მოთამაშეებს, გააჩნია ისეთი დონე, რომ თუ მათ გასაქანს მისცემ, ძალიან დიდ საფრთხეს შეგიქმნიან. მაგრამ მსგავსი რამ ხვალ არ უნდა დავუშვათ. ამ კუთხით ხვალინდელი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის სერიოზული გამოცდა იქნება“, – განაცხადა ბლაგოია მილევსკიმ ერთა ლიგის ჯგუფის ივნისის მთავარი ბრძოლის წინ.