ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და დენის როდმანის უცნაური ურთიერთობის ისტორია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და დენის როდმანის უცნაური ურთიერთობის ისტორია

კიმ ჩენ-ინი გარდაიცვალა ან ძალიან ავადაა – ამის შესახებ  სამხრეთ კორეული მედია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში წერდა. ასე იყო ეს თუ არა, ალბათ, რამდენიმე ჩინოვნიკმა და ექიმმა იცის ფხენიანში. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის ჯანმრთელობაზე არაფერი იყო ცნობილი იქამდე, სანამ 1 მაისს მისი ფოტოები არ გავრცელდა, რომელიღაც ქარხნის გახსნის ცერემონიიდან, თუმცა, ვიდეომასალა არ გავრცელებულა.

აქამდე, ოფიციალურად ყველა ჭორს უარყოფდნენ. ბოლოს ინი პუბლიკის წინაშე ცოცხლად 11 აპრილს ნახეს, როცა ის თავის პილოტებს ინსტრუქტაჟს უტარებდა და მათ პარტიის ღირსების დაცვასა და „საჰაერო მეკობრეებთან“ წარმატებულ ბრძოლას უსურვებდა. რა იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ერთთვიანი გაქრობის მიზეზი – უცნობია.

ჩრდილოეთ კორეისთვის ამ რთულ მომენტში, ალბათ, ერთადერთი ამერიკელი გამოვიდა კიმ ჩენ ინის მხარდაჭერით და თქვა, რომ ლოცულობს მისი ჯანმრთელობისთვის. ეს არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სკანდალური ვარსკვლავი დენის როდმანი.

„იმედია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერს გავიგებ. ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობებში. თუ ის ცუდად გრძნობს თავს, მე ვილოცებ მისი გამოჯანმრთელებისთვის, რადგან ჩემმა ორმა მეგობარმა – პრეზიდენტმა ტრამპმა და მარშალმა კიმმა შეძლონ გააგრძელონ გზა მშვიდობისკენ“, – განაცხადა ლეგენდამ.

კალათბურთი ფარდის მიღმა

კალათბურთელისა და ამხანაგ კიმ ჩენ ინის მეგობრობის ისტორია უნიკალურია. ვიღაც იმასაც კი ამტკიცებს, რომ „ენ-ბი-ეის“ (NBA) ხუთგზის ჩემპიონის წყალობით, მსოფლიომ ბირთვული ომიც კი აიცილა თავიდან.

როდმანი მინიმუმ ექვსჯერ ჩავიდა ფხენიანში და მონაწილეობდა ორ დიდ საკალათბურთო მატჩში. 2013 წელს, მისმა გუნდმა „ჰარლემ გლობტროტერსმა“ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შერეული შემადგენლობით ითამაშა და მატჩი ფრედ, ანგარიშით – 110:110 დასრულდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩრდილოკორეელებმა „ენ-ბი-ეის“ ყოფილი ვარსკვლავების გუნდი – 47:39 დაამარცხეს. ამით კორეა ერთ-ერთი იშვიათი გუნდი გახდა XXI საუკუნეში, რომელსაც ამერიკელები დაუმარცხებია. წაგებულებს შორის იყო NBA-ის ორგზის ჩემპიონი კრეიგ ჰოჯესი და „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ რამდენიმე მონაწილე.

ბოლო მატჩი კიმ ჩენ ინის დაბადების დღეს მიეძღვნა. როგორც ექსცენტრული როდმანი ამტკიცებს, ინთან მას „სამუდამო მეგობრობა“ აკავშირებს. კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ ირსაც უყვარდა კალათბურთი, მისი ნებართვით ამერიკაში თამაშს ცდილობდა ერთი ჩრდილოკორეელი, მაგრამ თავად ამერიკელებმა ვერ გაიგეს საკალათბურთო დიპლომატიის ჟესტი. ინი კალათბურთს ბავშვობაში თამაშობდა, ხატავდა მაიკლ ჯორდანს და ცდილობდა NBA-ის მატჩებისთვის ეყურებინა.

ასე რომ, როდმანი გახდა ის სტუმარი, რომელიც ფხენიანში უმაღლეს დონეზე მიიღეს. ფილმში, რომელიც „ვაისის“ (Vice) პროექტით გადაიღეს, შესულია ფხენიანში გრანდიოზული ვახშმის ეპიზოდი. ასევე ჩრდილოკორეული მუსიკალური ჯგუფის მიერ შესრულებული „როკის“ თემა, ამერიკელების სტუმრობა ადგილობრივ ლაბორატორიებში…

მომდევნო წელს, ინმა როდმანს ხელში დააჭერინა თავისი ახლად დაბადებული ქალიშვილი, დენისმა კი კორეელ ლიდერს დაბადების დღის სიმღერა მიუძღვნა. დარბაზი ექსტაზში იყო, ოღონდ რთული სათქმელია, მიხვდნენ თუ არა რას მღეროდა ამერიკელი.

პოლიტიკა და კრიტიკა

თანდათან, როდმანი პრაქტიკულად მთავარი ამერიკელი დიპლომატი გახდა ჩრდილოეთ კორეაში – მისი წყალობით, გაანთავისუფლეს იქ პატიმრობაში მყოფი ამერიკელები, ხოლო, როცა აშშ-ის პრეზიდენტად როდმანის კიდევ ერთი მეგობარი დონალდ ტრამპი აირჩიეს, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები კინაღამ დამეგობრდნენ. ყოველ შემთხვევაში, ადრე მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც. ამერიკელი პრეზიდენტი აღიარებდა ჩრდილოკორეელ კოლეგასთან „შესანიშნავ ურთიერთობას“.

რა თქმა უნდა, უცნაური მეგობრობის გამო, როდმანს პრესა თავს ესხმოდა. თავდაპირველად, ის თავს იცავდა და ცოტათი აგრესიულიც კი იყო, ამბობდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოწინააღმდეგეებიც ბევრს სცოდავენ, მაგრამ, როცა კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა, აპოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. როცა ამერიკელ მღვდელს კენეტ ბეის ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობა მიუსაჯეს, როდმანს ურჩიეს – ვიდრე დიქტატორთან მეგობრობას დაიწყებდა, ყურადღება ამ ფაქტზე გაემახვილებინა, მაგრამ ექს-კალათბურთელმა რაღაც ამდაგვარი უპასუხა – „ბეი თავად არის დამნაშავე“. მოგვიანებით, დენისს ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია და უფრო ფრთხილ განცხადებებზე გადავიდა.

კალათბურთელის თქმით, კიმ ჩენ ინი დიდი ბავშვივითაა, მუდმივად იცინის და მხიარულობს. „მას მსოფლიოში მოგზაურობა სურს, უნდა აშშ-ში ჩასვლა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. და კიდევ, მისი სურვილია ამგვარი სიამოვნება მისმა ხალხმაც მიიღოს“, – აღიარა როდმანმა ორი წლის წინ.

მაგრამ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება როდმანისა და მარშალ კიმის მეგობრობაზე მაინც არ ჩამოყალიბდა. თუნდაც დენისის სკანდალური ხასიათისა და საქციელის გამო: კარიერის დროს უყვარდა სმა და მიდრეკილება ჰქონდა ოჯახური ძალადობისკენ, კერძოდ მაშინ, როცა მომღერალთან და მსახიობთან კარმენ ელექტრასთან ერთად ცხოვრობდა. მონაწილეობდა „რესტლერების“ ბრძოლებში, შიშველი იღებდა ფოტოებს, კუბოდან მოაწყო საკუთარი წიგნის პრეზენტაცია…

ერთის მხრივ, მან შეძლო რეალური პროგრესისთვის მიეღწია ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობებში და გადაერჩინა თავისი ქვეყნის მოქალაქეები. მეორეს მხრივ, არ ჩანს ის, რომ როდმანის წყალობით, ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმი უფრო გახსნილი გახდა. და ეს, ალბათ, არც მოხდება.