„ჩიკაგო ბულზმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ჩიკაგო ბულზმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„ჩიკაგო ბულზის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრედ ჰოიბერგი გაანთავისუფლა.
„მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ ამ მომენტში ეს სწორი არჩევანია ჩვენი კლუბისთვის. სიტუაციის დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ, გადავწყვიტეთ ასეთ ნაბიჯზე წავსულიყავით გუნდის განვითარებისთვის”, – თქვა “ჩიკაგოს” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პაქსონმა.

ამ მომენტისთვის, „ჩიკაგოს“ ზედიზედ ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს და 5 მოგებითა და 19 წაგებით ბოლოსწინა ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

როგორც „ბულზის“ ოფიციალური გვერდი წერს, 46 წლის სპეციალისტს შეცვლის მისი ასისტენტი ჯიმ ბოილენი, რომელიც კლუბის სტრუქტურაში 2015 წლიდან მუშაობს.

ჰოიბერგმა „ჩიკაგო“ 2015 წლის ივნისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 115 გამარჯვება მოიპოვა და 155-ჯერ წააგო. 2017 წელს, „ბულზი“ პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველ რაუნდში წააგო „ბოსტონთან“.