ჩემპიონთა ლიგა - ცუდ ფორმაში მყოფი „ლივერპული“ ბუდაპეშტში „ლაიპციგს“ დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგა - ცუდ ფორმაში მყოფი „ლივერპული“ ბუდაპეშტში „ლაიპციგს“ დაუპირისპირდება

დღეს, 16 თებერვალს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს „ლივერპული“ და „ლაიპციგი“ დაუპირისპირდებიან. გერმანიაში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო მატჩი ბუდაპეშტში „პუშკაშ-არენაზე“ გაიმართება. 

იურგენ კლოპის გუნდი ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება. მათ ბოლო სამი მატჩიდან სამივე წაგებული აქვთ და პრემიერ ლიგაში 40 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფებიან, პირველ ადგილზე მყოფ „სიტის“ კი 13 ქულით ჩამორჩებიან. გერმანელმა სპეციალისტმა „ქალაქელებთან“ მატჩის შემდგომ ისიც განაცხადა, რომ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებულია. რაც შეეხება „ლაიპციგს“, იულიან ნაგელსმანის ფეხბურთელები ბუნდესლიგაში საკმაოდ კარგად ასპარეზობენ. მათ ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაიპციგი: გულაში, კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, მუკიელე, საბნიცერი, კამპლი, ანხელინო, ნკუნკუ, ოლმო, პოულსენი.

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კაბაკი, ჰენდერსონი, რობერტსონი, ტიაგო, ვეინალდუმი, ჯონსი, სალაჰი, ფირმინო, მანე.

 

მწვრთნელების კომენტარი:

იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი): კარგ ტალღაზე ვართ და ზედიზედ 4 თამაში მოვიგეთ. თუ „ლივერპულს“ აქვს კარგი დღე ისინი ფავორიტები არიან. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროპის ტოპ-კლუბებთან თამაში შეგვიძლია. ცუდი შედეგების მიუხედავად, პრემიერლიგის ბევრი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ „ლივერპული“ „სიტისთან“ ერთად ყველაზე არასასიამოვნო გუნდები არიან შესახვედრად, რადგან ისინი ბოლომდე მიჰყვებიან მწვრთნელიბის ინსტრუქციებს. მათ მოგებული აქვთ პრემიერლიგა და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდებიან.

იურგენ კლოპი (ლივერპული): უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კარგად კეთება. თუ ნახეთ ჩვენი მატჩები „სიტის“ და „ლესტერის“ წინააღმდეგ, ეს არ იყო ისეთი თამაშები, სადაც 7 გოლი უნდა გაგვეშვა და 2 გაგვეტანა. ეს ინდივიდუალური შეცდომების გამო მოხდა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ეს იყო უბრალოდ შეუთანხმებლობა. ჩვენ ასეთ სიტუაციებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვართ. განწყობა კარგია, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესიც ყოფილა.