ოფიციალურად - „ლაიპციგი“-„ლივერპული“ ბუდაპეშტში გაიმართება
ოფიციალურად - „ლაიპციგი“-„ლივერპული“ ბუდაპეშტში გაიმართება

უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი „ლაიპციგსა“ და „ლივერპულს“ შორის 16 თებერვალს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ-არენაზე“ გაიმართება.

„უეფას სურს მადლობა გადაუხადოს „ლაიპციგსა“ და „ლივერპულს“ მჭიდრო თანამშრომლობისთვისა და შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში დახმარებისთვის. ასევე მადლობა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ამ მატჩის გამართვის მზადყოფნისთვის“, – წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

მატჩი ჩატარება ლაიპციგში იმის გამო არ ხერხდება, რომ გერმანიაში აკრძალულია შესვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები და ამ ქვეყანაში მაცხოვრებლები. ეს აკრძალვა 17 თებერვლამდეა ძალაში.

„პარასკევს მიღებული დადგენილება „კორონავირუსის გავრცელებისგან თავდაცვის“ შესახებ, ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისს. არანაირი სპეციალური წესები პროფესიონალი სპორტსმენებისთვის მასში არ არის შეტანილი. გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ აცნობა „ლაიპციგს“, რომ აღწერილი შემთხვევა არ ხვდება გამონაკლისში“, – წერია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.