ჩემპიონთა ლიგა 2024-25 | „ინტერი“ მეოთხედფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში სტუმრად 2:0 დაამარცხა „ფეიენოორდი“.
როტერდამში გამართულ მატჩში იტალიურმა გრანდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. 38-ე წუთზე მარკუს ტურამმა ნიკოლო ბარელას პასით გახსნა ანგარიში, 50-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა. საგოლე გადაცემა პეტრ ზელინსკიმ შეასრულა.
ლაუტარომ მე-18 გოლი გაიტანა „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც მილანური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამ ტურნირზე. წინა რეკორდსმენი იყო სანდრო მაცოლა (17 გოლი).
65-ე წუთზე „ინტერს“ მესამე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ზელინსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
განმეორებითი მატჩი 11 მარტს მილანში გაიმართება.