ჩაკვეტაძის ზედიზედ მესამე მატჩი – „გენტი“ პოლონეთში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მომჯობინდა და ფორმაში შედის. მან „გენტში“ ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „გენტის“ ფორმით ამჯერად კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ითამაშა პოლონეთში, სადაც მისი გუნდი ჩენსტოხოვას „რაკუვს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
„რაკუვი“ კონფრენს ლიგაზე სენსაციურ გამოსვლას განაგრძობს. ორმატჩიან დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინის“ (0:0, 0:1) გამოგდების შემდეგ, პოლონურმა გუნდმა „გენტს“ უმასპინძლა და 1:0 სძლია. გოლი ანჟეი ნევულისმა 64-ე წუთზე გაიტანა.
https://youtu.be/AJkcSg3-LrY
გიორგი სათადარიგოებში იყო და მოედანზე გოლის შემდეგ, 68-ე წუთზე შევიდა. თუმცა მისმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.
პირველი თამაშის შემდეგ „რაკუვი“ უეფა-ს კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა. განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ, 26 აგვისტოს ბელგიაში გაიმართება.