ჩაკვეტაძე დაბრუნდა - „გენტი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე დაბრუნდა - „გენტი“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „გენტის“ ფორმა ევროსარბიელზე მოირგო – ეს სასიხარულო ამბავი კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მოხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდმა, ბელგიურმა „გენტმა“ შინ „გელამკო არენაზე“ ლატვიურ „რიგასთან“ მოულოდნელად 2:2 ითამაშა, გასვლაზე კი რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუხდა.

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე ენდრიუ იუსოგერის ნაცვლად გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლოს გიორგიმ ოფიციალურ შეხვედრაში 3 მარტს ბელგიის თასზე „ეუპენის“ წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ კი მკურნალობდა და მოედანზე დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ მცირე ტრავმებმა თავი არაერთხელ შეახსენა.

გიორგი აქტიურად ჩაერთო თამაშში და ორ წუთში მისი დარტყმის შემდეგ „რიგა“ მეკარე ვიტაუტას ჩერნიაუსკასმა გადარჩინა. 89-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოსთან საქართველოს ნაკრების მოთამაშემ სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა შეასრულა, მაგრამ – უშედეგოდ.

საბოლოოდ, „გენტმა“ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი შეტევაში ჩართულმა მცველმა ჯოზეფ ოკუმუმ 73-ე წუთზე გაიტანა და ბელგიელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

დატოვე კომენტარი