ჭაღიაშვილი ჭიაბრიშვილის ნაცვლად - „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელი დანიშნეს #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ლაშა ჭაღიაშვილმა შეცვალა.
ლაშა ჭაღიაშვილი „ლოკომოტივში“ 2009/2010 წლების სეზონიდან მუშაობს. როდესაც მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში გუნდის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. მოგვიანებით, 2013 წლამდე, „ლოკომოტივის“ 17-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.
40 წლის სპეციალისტი თბილისურ გუნდში 2014 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ „ლოკოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. 2018 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, მაგრამ 2020 წელს პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა და შემდეგ მის ასისტენტად მუშაობდა. პარალელურად, „ლოკომოტივის“ აკადემიის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა და ლიდერებმა დატოვეს, რადგან „ლოკომოტივს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუნდი ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდა.