ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ოფიციალური განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მხარი მხოლოდ უნგრეთმა არ დაუჭირა.
27 წევრიდან 26-მა ქვეყანამ დაადასტურა, რომ განაგრძობენ „უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“.
ამასთან, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „მზადაა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს“ და განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას.
განცხადების გამოქვეყნებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ, „უბრალოდ, ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის“.