ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, შვედეთი კი ქვეითსაწინააღმდეგო სნაიპერ შაშხანებს, საბრძოლო მასალებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გადასცემს
ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, შვედეთი კი ქვეითსაწინააღმდეგო სნაიპერ შაშხანებს, საბრძოლო მასალებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გადასცემს

ბრიტანეთი აშშ-სთან უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა „ემ 270“-ის გადაცემაზე შეთანხმდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. უოლესის თქმით, ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არ დაადასტურა შეიარაღების რაოდენობა, მაგრამ დასავლური მედიის ცნობით, თავდაპირველად სამი ერთეული სარაკეტო სისტემის გაგზავნა იგეგმება. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის მწარმოებელი აშშ-ია. ბრიტანელი სამხედროები უკრაინელებს სისტემების გამოყენებას უახლოეს კვირებში შეასწავლიან.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ უკრაინას შეიარაღებას გადასცემს შვედეთიც. დასავლური მედიის ცნობით, შვედეთი უკრაინას გადასცემს „ეი ჯი 90“-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო სნაიპერ შაშხანებს და საბრძოლო მასალებს, ასევე დამატებით 5 000 ერთეულ შვედურ „ეი თი 4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.