ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი წინასასამართლო სხდომას არ ესწრება, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი წინასასამართლო სხდომას არ ესწრება, პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წინასასამართლო სხდომას არ ესწრება.

სხდომაზე მოსამართლემ ჩოლოიანის განცხადება წაიკითხა, სადაც ბრალდებული განმარტავს, რომ მის ინტერესებს მისი ადვოკატები დაიცავენ. ჩოლოიანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო, რომ ჩოლოიანი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა. თუმცა, ადვოკატების თქმით, ისინი გუშინ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ბრალდებული შეუძლოდ არის.

ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ სხდომა ჩატარდეს ბრალდებულის დასწრების გარეშე. ამ შუამდგომლობას საქმის პროკურორებიც დაეთანხმნენ.

ცოტა ხნის წინ, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დახურა. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

პროკურორების თქმით, დაზარალებული არასრულწლოვანია და ასევე, საქმეში მოწმეთა დიდი რაოდენობაც არის არასრულწლოვანი. პროკურორებმა მათი ინტერესებიდან გამომდინარე დააყენეს შუამდგომლობა. დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომების დახურვის შუამდგომლობას დაეთანხმა.

ადვოკატები ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.