„ბლუმბერგი“ - ევროკავშირიდან 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში 450 მლნ ევროს სანქცირებული საქონელი შევიდა, აქედან მეოთხედი პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებიდან
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირიდან 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში 450 მლნ ევროს სანქცირებული საქონელი შევიდა, აქედან მეოთხედი პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებიდან

ევროკავშირიდან 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში 450 მილიონი ევროს ღირებულების სანქცირებული საქონელი შევიდა, აქედან მეოთხედი პირდაპირ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგი“ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სერბეთი და ჩინეთი, ასევე უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

გამოცემაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების გამო სანქცირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში შესვლა გრძელდება. „ბლუმბერგი“ წერს, რომ წევრი ქვეყნები და კომპანიები, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ძალიან ცოტას აკეთებენ აგრესორ ქვეყანასთან ვაჭრობის შესაჩერებლად.

ევროკავშირის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ საზღვარგარეთ მოქმედი ზოგიერთი ევროპული ფირმის შვილობილი კომპანიები და ქვეკონტრაქტორები აწარმოებენ სანქცირებულ საქონელს და შუამავლების მეშვეობით ახორციელებენ მათ ექსპორტს რუსეთში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ბრიტანული აღჭურვილობა და ტექნიკა აგრძელებს რუსეთში ჩასვლას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, კერძოდ, ყირგიზეთის, სომხეთისა და უზბეკეთის გავლით.