ბითაძის ეფექტური დაფარება ტაჯ გიბსონის წინააღმდეგ - „ინდიანა“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 28 თებერვალს მორიგი შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაც“, რომელიც „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და 107:110 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 11 წუთი ითამაშა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქულები მოუტანა თავის გუნდს. ბითაძის ანგარიშზე 5 ქულა, 2 მოხსნა (1-1 დაცვაში და შეტევაში) და 1 დაფარებაა. გოგამ ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, მან 100 პროცენტიანი სიზუსტით ისროლა ორქულიანები და 2-დან 2 გამოიყენა, პერიმეტრიდან კი სიზუსტე დააკლდა 2 მცდელობიდან – ვერცერთი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან მან ერთხელ ისროლა და ჩააგდო.

გოგას პირველივე პერიოდში ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდა, მეოთხედის მიწურულს ჯერ ტაჯ გიბსონს ეფექტურად დაუფარა, შემდეგ კი შეტევაში მოუპოვა თავის გუნდს ქულები და 2 ქულას პლუს ჯარიმა მოიპოვა, რომელიც ბითაძემ ასევე გამოიყენა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ინდიანამ“ პირველივე მეოთხედში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ბიორკგრენის გუნდმა მალევე გაანიავა. „ნიუ იორკმა“ მეტოქეს მეორე მეოთხედი 11 ქულით მოუგო და საბოლოო ჯამში, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით დაამარცხა.

ჯულიუს რენდლი ამ მატჩში საუკეთესო იყო, მან არასრული 42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 28 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ნიქსის“ კალათბურთელს გამორჩეული პერიოდი აქვს, მან ამ სეზონში უკვე 22-ე ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარგი შეხვედრა ჰქონდა ერ ჯეი ბარეტსაც, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასია. „ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი დაგ მაგდერმოტი იყო, რომელმაც 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ტი ჯეი მაკკონელმა კი ორმაგი დუბლი გაიფრომა და 17 ქულასთან ერთად, 12 პასი და 7 მოხსნა დააგროვა.

ამრიგად, „პეისერსი“ უკვე ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ბითაძის გუნდი 15 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ 2 მარტს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.