ბითაძის 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში [ვიდეო]

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ ადრიატიკის ლიგაში, მორიგი შეხვედრა მოიგო. ქართველ ცენტრს „ფმპ ბელგრადთანაც“ ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა, შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და არასრულ 25 წუთში 14 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 5 პასი და ორი დაფარებაც მიითვალა.

ბითაძემ ორქულიანი რვაჯერ ესროლა და აქედან ხუთი (62,5% ) ზუსტი აღმოჩნდა. 50%-იანი სიზუსტით შეასრულა საჯარიმოები – რვიდან ოთხი, რაც შეეხება სამქულიანს, გოგამ პერიმეტრიდან ქულების აღება ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

7 მოხსნით ბითაძე „მეგა ბიმაქსში“ თანაგუნდელ მოკოკოსთან ერთად, საუკეთესო იყო. მან ხუთჯერ საკუთარი ფარიდან, ორჯერ კი მეტოქის ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა.

19 წლის ბითაძეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 დაუგროვდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ამ კომპონენტში ის მხოლოდ თანაგუნდელ კარაპიჩს (20) და ბელგრადელ – ეპიჩს (21) ჩამორჩა.

საბოლოოდ ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მეტოქე 28 ქულით – 89:61 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს. მესამე ტურში, გოგა და მისი გუნდი, 13 ოქტომბერს ხორვატიას ესტუმრებიან, სადაც ზაგრების „ცედევიტას“ დაუპირისპირდებიან.