ბითაძის 11 ქულა ცედევიტასთან - ბუდუჩნოსტმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)

ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალურ სერიაში „ბუდუჩნოსტმა“ ანგარიში გაათანაბრა.

პოდგორიცაში გოგა ბითაძის გუნდმა ზაგრების „ცედევიტა“ ანგარიშით 87-72 დაამარცხა. ბითაძეს თამაშის დაწყების წინ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ქართველმა კალათბურთელმა ხორვატული კლუბის წინააღმდეგ 20 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად, ხუთი მოხსნა და ოთხი დაფარება ჩაიწერა აქტივში.

გოგას ხუთი პერსონალური ჯარიმის გამო მოედნის დატოვებამ ვადაზე ადრე მოუწია. მასპინძლებმა გადამწაყვეტ უპირატესობას მეორე ტაიმში მიაღწიეს და სერიაში ანგარიში 1-1 გახადეს. ამ წყვილის გადამწყვეტი თამაში 7 აპრილს ზაგრებში ჩატარდება. გამარჯვებული ტურნირის ფინალში გავა. მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას ბელგრადული კლუბები, „ცრვენა ზვეზდა“ და „პარტიზანი“ არკვევენ, სადაც სერიაში ანგარიში თანაბარია.