ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - „პეისერსმა“ „კლივლენდი“ დაამარცხა [ვიდეო]
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - „პეისერსმა“ „კლივლენდი“ დაამარცხა [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეხუთე მატჩში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერზს“ დაუპირისპირდა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა – 102:95.

გოგა ბითაძე შეხვედრაში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და რადგან მაილს ტერნერი ტრავმირებულია, მეტი სათამაშო დრო – არასრული 25 წუთი მიიღო. ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა – მის ანგარიშზე შეხვედრის დასრულებისას 10 ქულა და ცხრა მოხსნა იყო, რასაც ბითაძემ ოთხი დაფარება დაუმატა. საგულისხმოა, რომ გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი +15 იყო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ბითაძემ არაერთ ეპიზოდში გამოიჩინა თავი – მეოთხე მეოთხედის სტარტზე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა დაუბრუნა.


რა თქმა უნდა, ქართველმა მაყურებელს თავი საფირმო დაფარებებითაც დაამახსოვრა.


„პეისერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 25 ქულას რვა მოხსნა და ექვსი გადაცემა დაუმატა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს – 18 ქულა, 17 მოხსნა.

ხუთი მატჩის შემდეგ, ინდიანურ კლუბს ორი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.

 

დატოვე კომენტარი