ბითაძე სამი წუთი ათამაშეს - „ფინიქსის“ მოგებების სერია „ინდიანამ“ შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონთან დამარცხების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანფინიქსს“ ესტუმრა და 122:111 სძლია. „სანსს“ ამ შეხვედრამდე ზედიზედ 6-ჯერ ჰქონდა მოგებული და გოგა ბითაძის გუნდმა ამ სერიის შეწყვეტა მოახერხა.

ქართველ კალათბურთელს საკმაოდ მცირე დრო მისცეს სათამაშოდ. ბითაძე მოედანზე 2 წუთი და 43 წამი იყო, ამ მცირე მონაკვეთში მან 2 ქულის და 1 მოხსნის (შეტევაში) დაგროვება მოასწრო. გოგამ ეს ქულები საჯარიმოს ხაზიდან აიღო, ხოლო რაც შეეხება თამაშიდან სროლებს, მან ერთხელ ისროლა პერიმეტრიდან და უშედეგოდ. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი საინტერესოდ მიმდინარეობდა. „ფინიქსმა“ პირველი მეოთხედის 4 ქულით მოგება შეძლო. მეორე მეოთხედში კი უპირატესობა „ინდიანასკენ“ გადავიდა და ბიორკგრენის შეგირდები შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, სადაც „პეისერსმა“ მეტოქეს 15 ქულით მოუგო.

არაჩვეულებრივი შედეგი ჰქონდა „ინდიანას“ ლიეტუველ ცენტრს, დომანტას საბონისს. მან 22 ქულით, 13 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. ყველაზე შედეგიანი კვლავ მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელსაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. კარგი მატჩი ჰქონდა დაგ მაკდერმოტსაც, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. „ფინიქსიდან“ კი საუკეთესო მათი ლიდერი, დევინ ბუკერი იყო. მან 20 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმაც, რომლის ანგარიშზეც 14 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა იყო.

ამ გამარჯვებით ბითაძის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ 16 მარტს „დენვერის“ წინააღმდეგ გამართავს.