ბითაძე კვლავ საუკეთესოა, ბუდუჩნოსტი პლეი-ოფშია (ვიდეო)

ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე, რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა ის ოთხი გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს და ჩემპიონს გამოავლენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო ოთხეულში მოხვდა ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „ბუდუჩნოსტი“. გოგა ბითაძის გუნდმა ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე, ზაგრების ციბონა მიიღო და ქართველი ცენტრის ლიდერობით, ანგარიშით 91-82 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 27 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში 24 ქულა, ოთხი მოხსნა, ერთი დაფარება და ერთი პასი ჩაიწერა აქტივში. გოგამ ცხრიდან შვიდი ორქულიანი, რვიდამ შვიდი საჯარიმო ტყორცნა და ერთი ზუსტი სამქულიანი ჩააგდო. სარგებლიანობის ინდექსი კი 28 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

„ბუდუჩნოსტმა“ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულდა და საპლეიოფო სერიაში, ფინალის საგზურისთვის, ხორვატული „ცედევიტას“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მეორე წყვილი კი სერბულმა გუნდებმა, „ცრვენა ზვეზდამ“ და „პარტიზანმა“ შეადგინეს.