ბითაძე კვლავ მცირე დროით ათამაშეს - ჰარდენმა „ინდიანასთან“ 40 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსმა“ თავისი მორიგი შეხვედრა, ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან და NBA-ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართა და 115:124 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ ამ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით მას ნეიტ ბიორკგრენმა უფრო მცირე სათამაშო დრო მისცა. ქართველმა ცენტრმა 3 წუთში 1 ქულის, 2 მოხსნის (ორივე დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. მას თამაშიდან ერთხელაც არ უსვრია, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 2-დან 1 სროლა გამოიყენა. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ბრუკლინს“ ორი წამყვანი კალათბურთელი, კაირი ირვინგი და კევინ დურანტი აკლდა. მიუხედავად ამისა, სტივ ნეშის გუნდიდან ჯეიმს ჰარდენმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და „ნეტსს“ რიგით მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა. პირველ მეოთხედში „ინდიანა“ საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და 15 ქულით წინ გავიდა, ამის შემდეგ კი „ბრუკლინი“ გამოცოცხლდა, მეტოქეს სამივე მეოთხედი მოუგო და 9 ქულით დაამარცხა.

ჰარდენს ფენომენალური სტატისტიკა ჰქონდა და ამ სეზონში მე-11 სამმაგი დუბლი გაიფორმა. მან 40 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 15 პასი დააგროვა. სამმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისსაც, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასია. კარგი შეხვედრა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონსაც, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

ფაქტია, რომ „პეისერსი“ ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან ეს გუნდისთვის ბოლო 10 შეხვედრაში მე-8 წაგებაა. ბიორკგრენი „ინდიანას“ ცენტრებს როტაციის საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად ბითაძესაც ცოტა დრო ეძლევა სათამაშოდ, ტერნერი და საბონისი კი საკმაოდ იტვირთებიან.

შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 20 მარტს „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს.