ბიძინა ივანიშვილი - მადლობა ამომრჩეველს, რომელსაც აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში
ბიძინა ივანიშვილი - მადლობა ამომრჩეველს, რომელსაც აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში

მადლობა ამომრჩეველს, რომელსაც აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„პირველი ტურის შემდეგ, ეგზიტპოლებზე ალბათ, სახიფათოც კია, გავაკეთოთ რეაქცია. რამდენადაც, ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე, რომ გავაკეთოთხ შესატყვისი რეაქცია.

მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად, საზოგადოებას. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება, ჩემი აზრით.

პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია გააკეთა, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

„მეც, მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში მობრუნება. გრძნობადობა, რაც აჩვენა საზოგადოებამ, კიდევ მინდა გავიმეორო და გავუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა, ალბათ დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

მოკლე პერიოდი რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლეს ისტორიაში გამოცდილება, რაც ჩვენ დავაგროვეთ, ეს არ არის ბევრი, წლებით თუ გადავთვლით და ის, რაც საზოგადოებამ აჩვენა, არის წინმსწრებად ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის მისასალმებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.