ბერულავასა და საფინას წყვილმა თავისუფალი პროგრამაც ეფექტურად დაასრულა და პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერულავასა და საფინას წყვილმა თავისუფალი პროგრამაც ეფექტურად დაასრულა და პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ნობელჰორნის თასზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ თავისუფალი პროგრამაც წარმატებით შეასრულა და პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

მათ პირველ დღეს მოკლე პროგრამაში თითქმის უშეცდომოდ იციგურავეს და პირველი ადგილი არავის დაუთმეს. გადამწყვეტი იყო თავისუფალი პროგრამა, რომლის შემდეგაც უნდა გარკვეულიყო, მოიპოვებდა თუ არა ქართული წყვილი ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას. ობერსდორფის ტურნირიდან პეკინი 2022-ის ლიცენზიას მხოლოდ სამი საუკეთესო იღებდა.

ბერულავამ და საფინამ აკრეფილი ტემპი არ დააგდეს, თავისუფალ პროგრამაში 111,70 ქულა მოაგროვეს (ორი დისციპლინის ჯამში (178,16) და ნობელჰორნის თასი მესამე ადგილზე დაასრულეს. პირველობა არავის დაუთმო გერმანულმა წყვილმა, ხოლო მეორეზე ესპანელები გავიდნენ.

შეჯიბრებაში ჩაერთნენ მოცეკვავე წყვილები. აქ მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ მოკლე პროგრამაში 66,95 ქულა დაიმსახურეს და მე-5 ადგილზე არიან. ლიცენზიას კი, ოთხი საუკეთესო წყვილი მიიღებს. ქართველების უშუალო მეტოქეები გერმანული და სომხური წყვილები ჩვენებურებს დაახლოებით ორი ქულით უსწრებენ. თავისუფალ პროგრამაში შეჯირება 25 სექტემბერს გაიმართება.