ბერტი ფოგთსმა უეფას ევრო 2020-ის დეკემბერში გადატანა თხოვა
ბერტი ფოგთსმა უეფას ევრო 2020-ის დეკემბერში გადატანა თხოვა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა უეფას თხოვა ევრო 2020 გადაიტანოს 2021 წლის დეკემბერში. ამის მიზეზად მან ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა დაასახელა.

„მივმართავ უეფას, როგორც ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: გადაიტანეთ ევროპის ჩემპიონატი. საჭიროა ახლავე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვიან იქნება“, – განაცხადა ფოგთსმა.

გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ტურნირი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა გადაიტანონ.

„იმედია, იმ დროისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანს ექნება გაკეთებული ვაქცინა, რათა სტადიონებზე გულშემატკივრების დიდი რაოდენობა შეუშვან“, – ამბობს 74 წლის ფოგთსი, რომელსაც მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი როგორც მოთამაშეს, ასევე მწვრთნელს.

ფოგთსი ასევე გამოდიოდა წინადადებით, რომ ჩემპიონატი მიეღო ქვეყანას, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

ევროპის ჩემპიონატის გამართვა კონტინენტის 12 ქვეყანაში იგეგმება. სტარტი დაგემილია 11 ივნისს.