ბერიძის შესანიშნავი ფინიში - გოლი, ასისტი, გაძევებული მეტოქე, ქართველმა სეზონი 16 გოლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „უიპეშტს“ უჩვეულოდ უხვგოლიანი და დრამატული მატჩი მოაგებინა. 

ეს უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო, 33-ე ტურში მოხდა. „უიპეშტმა“ საშინაო არენაზე „ზალაეგერსეგს“ უმასპინძლა და 36-ე წუთზე 3:1-ის იგებდა, მაგრამ სტუმრებმა 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ მეტოქეებმა კიდევ 1-1 გოლი გაიტანეს და ანგარიში 4:4 გახდა.

შეხვედრა ასეც დასრულდებოდა, რომ არა 90-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავი ინდივიდუალური თამაში – გიორგი ბერიძემ ბურთი საჯარიმოს მარცხენა მხარეს მიიღო, მცველებს გაცდა, მეკარეს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა და „უიპეშტს“ გამარჯვება მოუტანა – 5:4.

სხვათა შორის, გიორგის გადაცემით გავიდა პირველი გოლი, რომელიც ნემანია ანტონოვმა გაიტანა. 87-ე წუთზე კი ქართველ თავდამსხმელთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს „ზალაეგერსეგის“ მცველი ერიკ ნემეცი, ბოლო წუთზე კი თავად გაიტანა.

უკვე დასრულებული სეზონი გიორგისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გუნდში გვიან ჩაირიცხა და შემდეგ კორონავირუსის გამო დრო გაუცდა და ამის გამო 25 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 10 გოლით მაინც გუნდის საუეკთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო უნგრეთის თასზე ოთხ მატჩში ანგარიშზე ექვსი გოლი ჩაიწერა, ანუ სეზონში სულ 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა, რაც ფლანგის თავდამსხმელისთვის შესანიშნავი შედეგია. ამას გარდა, ბერიძემ უნგრეთის თასის ფინალი „ფეჰერვართან“ მაღალ დონეზე ჩაატარა და თასს დაეუფლა.

დატოვე კომენტარი