ბერძნული ავიაკომპანია „ელინეარი“ თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს
ბერძნული ავიაკომპანია „ელინეარი“ თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  ბერძნულ ავიაკომპანია „ელინეარს“ (ELLINAIR) შორის მოლაპარაკებების შედეგად, მაისიდან სეზონური რეისების შესრულება განახლდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძულ კრეტის მიმართულებით. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ​თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა „ბოინგ 737–30“ ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძულ კრეტის მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, „ეარბას A320“ ტიპის თვითმფრინავით30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება. ორივე მიმართულებაზე ბილეთის ღირებულებაში 20 კგ. ბარგი, 8 კგ. ხელბარგი და ბორტზე კვება შედის.

საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია „Aegean Airlines“ ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.