ბექა ლილუაშვილი - საქართველოს საგარეო ვალი მდგრად მაჩვენებელზეა და მისი მომსახურება გამოწვევებთან არ იქნება დაკავშირებული
ბექა ლილუაშვილი - საქართველოს საგარეო ვალი მდგრად მაჩვენებელზეა და მისი მომსახურება გამოწვევებთან არ იქნება დაკავშირებული

საქართველოს საგარეო ვალი მდგრად მაჩვენებელზეა და მისი მომსახურება გამოწვევებთან არ იქნება დაკავშირებული, – აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ბექა ლილუაშვილი.

„დღეის მდგომარეობით, მათ შორის 2021 წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის გათვალისწინებული მოცულობა მდგრად მაჩვენებელზეა, რაც შეფასებულია არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ ვალის მომსახურება საქართველოს ეკონომიკური პროგნოზების შესაბამისად, ქვეყნისთვის გამოწვევებთან დაკავშირებული არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობის მიზანია აღნიშნული მაჩვენებლის ეტაპობრივი შემცირება მომდევნო წლების განმავლობაში და ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნავს ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობები, რაც პანდემიას ახასიათებს.

„ბიუჯეტზე მუშაობისას ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ მაგალითად დაგვეფარა ევრო ფონდები და ვალის მაჩვენებელი ოდნავ უფრო შეგვემცირებინა, მაგრამ ჩვენ ფინანსური რესურსი დავიტოვეთ, იმისთვის, მომდევნო პერიოდში რაიმე ტურბულენტობას თუ ექნება ადგილი, კონკრეტული საჭიროებების დაფინანსება განვახორციელოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ ჩვენი ვალის მაჩვენებელი მდგრადია და მზადაა, რომ მომდევნო წლებში 50-55%-მდე შემცირდეს მშპ-სთან მიმართებაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო ჯერ კიდევ გარკვეული რისკები არსებობს, დავიტოვეთ ე.წ. ბალიში, რათა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ. იცით, რომ უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ ქვეყანაში, იმისთვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკა და გაიზარდოს დასაქმება. ასეთია მაგალითად პირველი – ძირითადი ავტომაგისტრალი და მეორე – კახეთის მიმართულება.

შესაბამისად, საგარეო ვალის არსებითი ნაწილი სწორედ ამ კაპიტალური პროექტების განხორცილებაზეა მიმართული. როდესაც ეს პროექტები დასრულდება, ბუნებრივია, ვალის მოცულობა ეტაპობრივად შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლისთვის ჩვენ ეკონომიკის 4,3%-იანი ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, გრძელვადიან პერიოდში, 2021-2025 წლებში, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი არის მაღალი, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გამოვა კრიზისიდან და უკვე მის მომდევნო პერიოდში იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეკონომიკა იმაზე სწრაფად გაიზრდება ვიდრე რეგიონისა თუ ევროპაში“, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.