ბექა დავითულიანი - ყველა დავიღალეთ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასით და ქვეყნის შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით, მივიღოთ ამნისტია, ვალდებულება შევასრულოთ და „ნაცმოძრაობას“ თავში ქვა უხლია
ბექა დავითულიანი - ყველა დავიღალეთ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასით და ქვეყნის შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით, მივიღოთ ამნისტია, ვალდებულება შევასრულოთ და „ნაცმოძრაობას“ თავში ქვა უხლია

ყველა დავიღალეთ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასით და ქვეყნის შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით, მივიღოთ ამნისტია, ვალდებულება შევასრულოთ და „ნაცმოძრაობას“ თავში ქვა უხლია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დავითულიანმა აღნიშნა, რომ ფაქტებს სწორი სახელები თუ არ დავარქვით, განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გვექნება.

„უახლეს იტორიაში არ მომხდარა სწორი შეფასება ყველაფრის, რაც გადავიტანეთ. ძალიან ბევრი მძიმე ამბავი გადავიტანეთ, მათ შორის იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. არც მანამდელის შეფასება გაგვიკეთებია ბოლომდე და სამწუხაროდ, არც ამ ნაწილს დარქმევია ისტორიაში სწორი სახელები. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, რომ საზოგადოებას ორიენტირები ჰქონდეს გასწორებული და არ აგვერიოს მომავალში, ისევ ის შეცდომები არ დავუშვათ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და თავისი სახელი უნდა დავარქვათ ფაქტებით. ფაქტი კი არის ნამდვილად ის და დავიწყოთ ჩვენი ფაქტების აღიარებით, რომ გავრილოვის შემოსვლა და იმ სავარძელში, ავადსახსენებელში ჩაჯდომა იყო ჩვენი პოლიტიკური შეცდომა. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მომიტინგეები გავიდნენ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდნენ პარლამენტში შემოჭრას. ეს კი უკვე დანაშაულია და არა შეცდომა, რასაც პასუხისგება სჭირდება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

დეპუტატის თქმით, ფაქტია და ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, რომ ნიკა მელია მოუწოდებდა მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ.

„ეს ასევე არის დანაშაულებრივი ქმედება, თუ დაუდასტურდა სასამართლოთი და შესაბამისად, ნიკა მელია პოლიტპატიმარი უბრალოდ ვერ იქნებოდა, რადგან ყველამ ვიხილეთ ამისი ფაქტი. ფაქტია ის, რომ ნიკა მელიას თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, თორემ გირაოთი ნებისმიერ წამს შეეძლო გარეთ გამოსვლა. ფაქტია, რომ ევროკავშირმა, ევროკავშირთან აფილირებულმა ორგანიზაციამ როდესაც გადაუხადა მელიას გირაოს თანხა, ევროკავშირის ელჩმა სრულიად გასაგები განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი პოლიტპატიმრებში არ იხდის გირაოს თანხას და ესეც ასე უნდა იყოს გაგებული, როგორც ხდებოდა. ფაქტია, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახლა აქ სხედან, შვიდი თვე ქვეყნის ინტერესების ღალატს ეძახდნენ პარლამენტში შემოსვლას და დღეს ზუსტად ამ ღალატის პროცესში იმყოფებიან, თავისივე შეფასებით. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით, რის გამოც ამ ამნისტიას ბლოკავს, არადა ვერ ბლოკავს, მაგრამ ცდილობს რომ გააშავოს, არის ის, რომ ნიკა მელია არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში და მას პოლიტიკურად არ მოუწიოს უარყოფა ამ ამნისტიის მასზე გავრცელების. ეს არის ფაქტი.

ფაქტია ისიც, რომ ამას პირდაპირ ვერ გვეუბნებიან და წინ აფარება უნდა ისევ ის საცოდავი ხალხის, დაზარალებულების, რომლებიც 20 ივნისს ისედაც დააზარალეს თავისი მოწოდებებით. აი, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთი რამეა ფაქტი, რომ ამ ხალხს, თუ ძალიან სწორად, ყველაფერზე მკაფიო პასუხი არ გავეცით და ასე რბილად და შემოვლით ველაპარაკეთ, ბევრი რამე დავუთმეთ, ესენი გადაწერენ საბოლოო ჯამში ისტორიას და ჩვენ ისევ მოგვიწევს ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრება, ჩვენ ისევ მოგვიწევს არშემდგარ საზოგადოებაში ცხოვრება და დემოკრატია ასე ვერ იმუშავებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, უნდა ერქვას მკაფიოდ და მერე უნდა ვისაუბროთ შეთანხმებებზე.

ფაქტია, რომ მიშელის შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, ესენი როცა ამას პოლიტიკურად ფასი აღარ ექნება, ხელს მოაწერენ, რომ მერე იკეკლუცონ. ამიტომ მივიღოთ, ყველა დავიღალეთ ამ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასით და შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით ამ ქვეყნის, მივიღოთ ის ამნისტია, რასაც ვფიქრობთ, რომ მისაღებია, ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულება შევასრულოთ და თვითონ რაც უნდა ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.