ბექა დავითულიანი - ვარკეთილში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა დადგეს სპექტაკლი და მერე ამბავი ატეხეს, ვითომ დიდი შეხლა-შემოხლა იყო
ბექა დავითულიანი - ვარკეთილში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა დადგეს სპექტაკლი და მერე ამბავი ატეხეს, ვითომ დიდი შეხლა-შემოხლა იყო

ვარკეთილში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა დადგეს სპექტაკლი და მერე ამბავი ატეხეს, ვითომ დიდი შეხლა-შემოხლა იყო, – აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია. მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა სკვერის გახსნაზე.

„რვა საათისთვის იყო დაგეგმილი ღონისძიება, იყო პარკის გახსნა, რომელიც მუნიციპალიტეტმა გააკეთა. მივედით, მოსახლეობა დახვდა მერს, გავიარეთ, მერი პარკს ათვალიერებდა. ამ დათვალიერების პროცესში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ხაბეიშვილის აპარატის თანამშრომელი დიმიტრი ბიძინაშვილი და ასევე „ნაციონალების“ აქტივისტი კახა კვეკვესკირი ხალხში გაერივნენ, გვერდში ამოუდგნენ თბილისის მერს. მათ დაიწყეს ყვირილი და შეურაცხმყოფელი შეძახილები. თავიდან ერთი ელაპარაკებოდა ჩვეულებრივი ტონით და მეორემ დაიწყო ყვირილი. შემდეგ უკნიდან ვიღაცამ დაიწყო შეძახილები და მოკლედ, დაიწყეს პროვოკაციის დადგმა. ორი კამერა მუშაობდა „მთავარი არხის“ და რა თქმა უნდა, წინასწარ იყო განსაზღვრული ამ პროვოკაციის ინსცენირება. კვეკვესკირს დაცვამ რომ უთხრა, გაიწიეო, ეს ცდილობდა, რაღაცნაირად, ფიზიკურად ჩამოკიდებოდა, ჩაბღაუჭებოდა კახის. ხელზე ეკიდებოდა და ამაზე კახი ხელს აცილებინებდა, აწვებოდა, რომ გაეწია. მერე ისინი გაწიეს, კიდევ რამდენიმე წუთი იყვნენ და როცა დადგეს სპექტაკლი, წავიდნენ. ეს იყო მთელი ამბავი. მერე კი, ატეხეს ამბავი, რომ ვითომ, დიდი შეხლა-შემოხლა იყო“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

კითხვაზე, შემოახია თუ არა კვეკვესკირს კალაძემ მაისური, დავითულიანი აცხადებს, რომ კახა კვეკვესკირი ცდილობდა ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას.

„კვეკვესკირი ცდილობდა, რომ რამენაირად გამოეწვია ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ამას ცდილობდა ყველანაირად. უნდოდა კახისთვის ხელის მოკიდება და ამ მომენტში კახი მიაწვა უბრალოდ, გაწია. უბრალოდ, მიაწვა, რადგან წინ ედგა. მეტი არაფერი. უკან ვედექი ამ დროს კახის და სიმართლე რომ ვთქვა, ამ დროს კვეკვესკირზე ჩამოხეული მაისური იმ წუთას ვერ დავინახე. სხვა არავითარი დარტყმა და ფიზიკური შეხება, გარდა იმისა, რომ ხელით გაწია, რადგანაც იქაჩებოდნენ, არაფერი ყოფილა. სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, იყო ყვირილი მათი მხრიდან, თუმცა მერის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

„მარტივი მიზეზი არსებობს ამ ყველაფრის. ერთი, რომ სკვერი იხსნება და ეს სკვერი მდებარეობს ვარკეთილში, სადაც ოპოზიციას აქვს, ასე ვთქვათ, თავისი კუნთების თამაში, თუ ვინ დააყენებს კანდიდატს. იქ თავისი ამბიციები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა, დაადასტუროს, რომ მას ეკუთვნის ეს ადგილი, რადგან უკეთესად აწყობს პროვოკაციებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იქ მისულ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამასთან, თავად კახა კალაძემაც გააკეთა კომენტარი ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მოხდა და რომლის მონაწილეებმაც კალაძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. „ინციდენტთან ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს. ორი თაღლითი „ნაციონალი“ იყო მოსული, რომლებსაც ქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.