ბელგიური გამოცემის ცნობით, მიქაუტაძეს ტოპ-კლუბები აკვირდებიან - ის მეტოქეებისთვის ნამდვილი უბედურებაა
ბელგიური გამოცემის ცნობით, მიქაუტაძეს ტოპ-კლუბები აკვირდებიან - ის მეტოქეებისთვის ნამდვილი უბედურებაა

გიორგი მიქაუტაძის საოცარ შედეგიანობას ბელგიური მედია გამოეხმაურა. კილერ-სერიალი გრძელდება – „სერენის“ 19 წლის ფეხბურთელმა ბელგიის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში ბრიუსელში „მოლენბეკს“ ორი გოლი გაუტანა და 7 შეხვედრაში 14 გოლი დაუგროვდა.

ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალნიუსმა“ ქართველ თავდამსხმელზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ მას მინიმუმ ბელგიური ფეხბურთის გრანდები მიიწვევენ.

ფრანგი ქართველი გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში მეტოქეებისთვის ნამდვილი უბედურებაა და პირველ დივიზიონში ნებისმიერი დაცვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა. თუმცა მიქაუტაძე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თავდამსხმელი. მან გუნდის გოლების 56 პროცენტი გაიტანა. მისი გვარი პირველი დივიზიონის მეკარეებში კოშმარს იწვევს. მაგალითად, „ლომელისლიეტუველი მეკარე ტომას სვედკაუსკასი მიქაუტაძის ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. „სერენმა“ სტუმრად 5:3 მოიგო, ფრანგული „მეციდან“ იჯარით დამატებულმა თავდამსმხელმა კი ოთხი გოლი გაუტანა. მას შემდეგ მიქაუტაძის „ქვემეხი“ აღარ ჩერდება. მისი საშუალო შედეგიანობა – ორი გოლი მატჩში – შთამბეჭდავია. ფრანგი ქართველი თავისი შანსების 35% -ს იყენებს. მთავარი ბელგიური დივიზიონის ყველაზე ეფექტური ცენტრალური ფორვარდის, პოლ ონუაჩუას („გენკის“ და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი) ანალოგიური მაჩვენებელი 34%-ია“, – წერს გამოცემა.

ვოეტბალნიუსი“ ამტკიცებს, რომ 19 წლის ქართველი თავდამსხმელით მალე ბელგიური გრანდები დაინტერესდნენ.

„მას მთავარი ბელგიურ ლიგისთვის საკმარისზე მეტი ტექნიკური თვისებები გააჩნია – მიქაუტაძის განვითარებას ბელგიის საუკეთესო კლუბები აკვირდებიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგ სეზონშიც „სერენში“ ვიხილოთ. შესაძლოა, კლუბი ზამთრის შესვენების დროსაც შეიცვალოს. ასეთ თავდამსხმელს ბელგიის ყველა ტოპ-კლუბი სიხარულით დაიმატებდა – ჰკითხეთ კლუბ „ბრიუგეს“ ან „ანდერლეხტს“. შესაძლოა, მიქაუტაძემ მალე აისრულოს თავისი ოცნება და საფრანგეთის ლიგა 1-სკენ გაემართოს“, – წერს „ვოეტბალნიუსი“.