სასწრაფოდ საქართველოს ნაკრებში - მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

იმ დროს, როდესაც საქართველოს ნაკრებში შედეგიანი თავდამსხმელი არ ჰყავს, გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში საოცარი თამაშების სერიალს აგრძელებს, ბელგიელებსაც აოცებს და ქართველ გულშემატკივრებსაც ახარებს.

20 წლის ფეხბურთელმა (30 ოქტომბერს გახდა) ბელგიის პირველ დივიზიონში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი „სერენი“ ბრიუსელში „მოლენბეკს“ ესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა.

მასპინძლები მე-20 წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ – მცველების რისხვად ქცეული ქართველმა თავდამსხმელმა 23-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 7 წუთში მისმა თანაგუნდელმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 38-ე წუთზე მიქაუტაძემ „სერენი“ 3:2 დააწინაურა. შეხვედრის ბოლომდე მეტოქეებმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს და ეს უხვგოლიანი შეხვედრა ქართველის გუნდმა 4:3 მოიგო.

სერენი“ 9 ტურის შემდეგ 15 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მიქაუტაძე 7 შეხვედრაში 14 გოლით ბომბარდირებში დიდი სხვაობით ლიდერობს – საშუალოდ შეხვედრაში 2 გოლი გააქვს. მეორე ადგილზე ქართველის გუნდის მიერ დამარცხებული „მოლენბეკის“ თავდამსხმელი, სომხეთის ნაკრების წევრი ივან იაგანია, რომელიც მიქაუტაძეს 10 გოლით ჩამორჩება.

ასეთი პერსპექტიული თავდამსხმელის დაკარგვა დიდი შეცდომა იქნება. ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზეც გააკეთეს განმარტება და იმედია, გიორგის „ჯვაროსნებში“ მალე ვიხილავთ.

მაგალითი ჩრდილოეთ მაკედონიელებმა მოგვცეს – მათმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში, „ლოს ანჟელესში“ 24 წლის საინტერესო თავდამსხმელი დენი მუსოვსკი მოძებნა, ერთ კვირაში გადაიბირა და 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალისთვის ამზადებს. კარგი იქნება, მას ქართველი „ქინდერ-სიურპრიზით“ რომ დავხდეთ.