ბელარუსი, ლიეტუვა, კვიპროსი - ევრო 2025-ის შესარჩევ ჯგუფში ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ბელარუსი, ლიეტუვა, კვიპროსი - ევრო 2025-ის შესარჩევ ჯგუფში ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია – წილისყრა უეფა-ს ოფისში, ნიონში გაიმართა.

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის ფორმატით ტარდება. გუნდები A, B და C ლიგაში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები C ლიგის მეხუთე ჯგუფში ბელარუსის, ლიეტუვის და კვიპროსის ნაკრებებთან მოხვდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. პლეი ოფის პირველ რაუნდში C ლიგის წარმომადგენლები A ლიგაში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

რვა გამარჯვებული პლეი ოფის დასკვნით ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც, B ლიგის გუნდებთან ერთად, 14 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 3-9 აპრილს, 29 მაისს – 4 ივნისს და 10-16 ივლისს გაიმართება, ხოლო ევროპის ჩემპიონატს 2025 წელს, 2 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით შვეიცარია უმასპინძლებს.