ბათუმში მედლის მოპოვებას დღეს გოგა ჩხეიძე შეეცდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ და მეორე არხზე
ბათუმში მედლის მოპოვებას დღეს გოგა ჩხეიძე შეეცდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ და მეორე არხზე

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 20:30-იდან ფიცარნაგზე 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში მყოფი სპორტსმენები გამოვლენ, რომელთა შორის გოგა ჩხეიძეც იქნება.

22 წლის ქართველი ძალოსანი ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩამპიონია და უფროს ასაკშიც წონის ლიდერთა შორის მოიაზრება. შარშან პოლონეთში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მისი ტრიუმფით დასრულდა, ჩხეიძემ ექვსივე ცდა გამოიყენა და ჯამში 313 კილოგრამი მოაგროვა. ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ჩხეიძემ იასპარეზა აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. თურქმენეთში ქართველმა ძალოსანმა „ბ“ ჯგუფი მოიგო და საბოლოოდ ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება შარშანდელ ევროპირველობას, იქ გოგამ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა, აკვრაში კი წარმატებული მხოლოდ პირველი ორი ცდა გამოუვიდა, მესამეზე 175 კილოგრამი ვეღარ დასძლია და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ ამ წონაში „ბ“ ჯგუფი, რომელშიც სამი სპორტსმენი იყო უკვე დასრულდა იგი ბრიტანელმა გარეთ ევანსმა 285 კილოგრამით (125;160) მოიგო. „ა“ ჯგუფს კი სადაც ჩხეიძის გარდა კიდევ შვიდი ძალოსანია, საქართველოს პირველი და მეორე არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებიდან უკვე სამმა სპორტსმენმა იასპარეზა. შოთა მიშველიძემ 61 კილოგრამის აკვრის ოქროს მედალი მოიპოვა, რამინ შამილიშვილი (61 კგ.) და ხათუნა ჯიმშელეიშვილი კი საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.